19.12.11

დეიდა, თუ შეიძლება......


     პირველად ალბათ საბავშვო ბაღში მაწყენინეს, მაგრამ არ მახსოვს.
 
     მერე სკოლაში შემიყვანეს. სადღაც, სოლოლაკში. იქაც ერთადერთი მოგონება ისაა რომ მახსოვს ეზო და ფიზკულტურის გაკვეთილები გვქონდა, სადაც ორდროშობანას ვთამაშობდით.
   მერე ისევ სკოლაში შევედი. უკვე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სადაც 2 კლასიდან სიკვდილამდე ვიყავი. (მაშინ რატომღაც 1 კლასი არ გააჩნდა ჩემ სკოლას)
  მოკლედ პირველად ალბათ სკოლაში მაწყენინეს. ზუსტად არ მახსოვს იქ პირველი იყო თუ არა.
 

დღეს მე გაბრაზებული ვარ. საერთოდ სხვა თემაზე მინდა წერა. არ მრცხვენია! არ მერიდება ამ ელექტრონული დღიურის წარმოებია და არც იმის გაფიქრება მაშინებს, რომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ჩემი განცდების წაკითხვას. ზოგი სწორად აღიქვამს, ზოგს სიცილად არ ეყოფა.

 but i don't care.

        ამასწინათ ვაკანტური დრო გამიჩნდა და ა პუნქტიდან ბ-მდე სანამ მივიდოდი, შუაში, ერთ-ერთ იმ ათას სოკოსავით მოდებულ კაფეთაგანში შევედი რომელთა ნაკლებობასაც თბილისი არ უჩივის.

       დავჯექი ასე მარტო, ამერიკულად და ყავა შევუკვეთე.
შემოცუქცუქდა სამი გოგოშკა. ჩემს გვერდით დასხდნენ და დაიწყეს ქოთქოთი.

თავიდან არ ვუსმენდი და ჩემი პრობლემის გადაწყვეტრას ვლამობდი ჩემსავე დაბინძურებულ გონებაში, მაგრამ მას მერე რაც ყავაც დავლიე და დრო მაინც ოხრად მქონდა რა ვქნა, ვაღიარებ და ყური მიმეგდო.

      მათ შორის ერთი, ყველაზე აქტიური როგორც მერე გავიგე სახელა მაშო-ორ მასზე იდიოტივით მიშტერებულ  დაქალს ლიზას და ლიზის დიდი მონდომებით უყვებოდა გერმანიის ამბებს.

        "აუ ბერლინი ძააააააან მაგარია. მამაჩემის ვიზა ელექტრონი მქონდა და გოგო გავიტანე პრადა და ზარა" ( აქ აღსანიშნავი და სასაცილოა ის ფაქტი, რომ გოგოს ზარა მაგარი ბრენდი გონია და პრადასთან ერთად მოიხსენიებს საშუალო ფენასა და სტუდენტებზე გათვლილ, დაბალფასიან და შეძლებისდაგვარად მაღალხარისხიან ბრენდ-ზარას. მოკლედ)

           ლიზას და ლიზის აღფრთოვანებას ამ წინადადებაზე-საზღვარი არ ქონდა.
დაახლოებით მსგავს სისულელეებზე საუბრობდნენ, უფრო სწორად მაშო ქოთქოთებდა და ესენი უსმენდნენ.

          "გოგო ეს ბოტები ლიკუნამ ჩამომიტანა ეხა რო ლონდონში იყო იქიდან, 280 ფუნტი მიუცია ხოა დაცემა?"

ამ წინადადებაზე ვეღარ მოვითმინე და ჯერ თვალი გავაპარე მისი ბოტისკენ, მერე ჩამეფხუკურა და რომ არ მიმხვდარიყვნენ რომ დავცინი, ეს სიცილი სწრაფად და ოსტატურად გადავზარდე ხველებაში.

      ბოტი იყო პირადად ჩემ მიერ ბაზრობაზე ნანახი და 50 ლარად შეფასებული ბოტის აბსოლუტური ანალოგი. თუმც რა თქმა უნდა შესაძლოა ვცდებოდე :)

        ამ დროს კაფეში პატარა ბავშვი შემოვიდა. ხელში ხატები და საეკლესიო კალენდარი ეჭირა. მე ოთახის ბოლოსკენ ვიჯექი ამიტომ სანამ ჩემამდე მოვიდოდა ჯერ რამდენიმე მაგიდა უნდა გაევლო.

     მოვიდა ჩემამდეც.
"დეიდა, იყიდე რა კალენდარი, ბარბარობა და ნიკოლოზობა მოდის და გეცოდინება"
მითხრა სევდიანად და ოდნავ მუდარანარევი ხმით.
     კალენდარი არ მინდოდა არც ხატი. ვიცი ბავშვებისთვის ფულის მიცემა არ შეიძლება და ამით მათ უსაქმურობისკენ უბიძგებ, მაგრამ ძალიან მომინდა და ჩემს საფულეში არსებული 5 ლარიდან, 1 ლარი მას შევთავაზე.

    ძალიან ეწყინა.
 არ ვარ მე დეიდა მათხოვარი თუ გინდა იყიდე ხატი თუარადა აღარ შეგაწუხებო.
ისე შემრცხვა სად გავმქრალიყავი არ ვიცოდი.

  ვიყიდე კალენდარი და წმინდა ნინოს პატარა ხატი.
ბავშვმა მადლობა მომიხადა და მაშოს ლიზის და ლიზას მაგიდას მიადგა.

"შეიძინეთ ხატი ან კალენდარი 1 ლარად" სთხოვა ბავშვმა, მომიღიმარი სახით, ნიკაპით ჩამოემხო მაგიდას და მარჯვენა ფეხის ქანაობა დაიწყო.

  მე აბარგება დავიწყე ამ ჩემი კალენდრიანად. ქურთუკის ღილებს ვიკრავი რომ უცებ კივილი შემომესმა:

   -"ხელი გაუშვი შე ძუნძგლიანო აუ დაცვა დაცვა არააა, გაათრიეთ ფუუუუუუუ"
   კიოდა მაშო.
კიოდა იმიტომ რომ ბავშვს მისი ბრჭყვიალა ჩასადებში გაწკეპილი აიფონი მოეწონა და გადიდებული თვალებით ხელი დაადო და თქვა :" ვაააა"

  სად იყო და სად არა, გაცეცხლებული ოფიციანტი მოვარდა, ბავშვს ხელი მკლავში ჩაავლო და თვალის დახამხამებაში კაფიდან გაისროლა.

  ფანჯარაში დავინახე როგორ თავჩაღუნულმა ამოიღო ჯიბიდან ხურდები, გადათვალა, სიცივისგან მომუჭულ ხელებში ჩაიორთქლა, მძიმედ ამოისუნთქა და ფეხებისთრევით აუყვა ქუჩას.

  მერე ჩემს გვერდითა მაგიდას გავხედე, სადაც კმაყოფილი მაშო ხარბად ქაჩავდა რაღაც წვრილ სიგარეტს და უზარმაზარი ქოლგებიანი და ხილით გაფორმებული ჭიქიდან ვარდისფერ სითხეს სვამდა, ლიზა და ლიზი კი ისევ ისეთივე იდიოტური სახეებით შესცქეროდნენ და უსმენდნენ მის პუტუნს.  საოცარი აგრესია გამიჩნდა, უხეშად დავასრულე აბარგება, მათ მაგიდასთან მივედი, კალენდარი დავუდე, კალმით 28 აგვისტო შემოვუხაზე, ბოროტი ადამიანი ხართქო ვუთხარი და წამოვედი, წამოვედი ზუტად ისეთივე მძიმე ნაბიჯებითა და ღრმად დახრილი თავით, როგორც ის ბავშვი რომელიც ყიდდა კალენდრებს იმისთვის რომ საღამოს პური ეყიდა.....

       
 

11.12.11

უცნაური.....ა......


        ელენემ და სანდრომ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს. წლების წინ, მაშინ, როცა ფორუმები მოდაში იყო.
        ინიციატივა ელენეს ეკუთვნოდა, სანდროს გამორჩეული წერის მანერით მოიხიბლა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა და ბოლოს მიწერა, პმ-ში.
     

 სანდროც გამოეხმაურა.
დაიწყეს ურთიერთობა. ნელ-ნელა ამ ჩარჩოებს გასცდნენ და "სკაიპში" გადაიზარდნენ.
საათობით საუბრობდნენ. აბსოლუტურად ყველა თემაზე. დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ელენე ხშირად სპეციალურად სანდროსთან სასაუბროდ დაბრუნებულა სახლში ადრე.
         მერე ურთიერთობა დაიკარგა. რატომ არცერთმა არ იცოდა.
არა, მე ვიცი, იმიტომ რომ ელენეს ძალიან ბევრი და თავბრუდამხვევი რომანი ჰქონდა ირგვლივ გარსშემორტმული, ისე, როგორც აგარაკის ვერანდაზე ანთებულ ნათურას ღამის პეპლების ჯგრო.
     

  ასე გავიდა 4 წელი.


სადნრო სწავლობდა, სპორტს მისდევდა, მერე მუშობა დაიწყო, მოკლედ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანივით ცხოვრობდა. ჰქონდა პატარ პატარა გატაცებები, მაგრამ არაფერი სერიოზული.
      ელენე ამ დროს ხარბად ეწაფებოდა ყველა მის ცხოვრებაში უკვდავების წყაროს სახით წარმოჩენილ ახალგაზრდა მამაკაცს და ცდილობდა ის ერთადერთი და სამუდამო ურთიერთობა აეწყო რომელიმესთან, მაგრამ სამწუხაროდ ის მათზე ძლიერი იყო და ბოლოს უსარგებლოდ გამოწურული ლიმონივით, ყველას ნაგვის ურნაში ისროდა.
       მისი უკანასკნელი რომანი 2 წლის განმავლობაში, ცეცხლზე შემომდგარი და მოსახარშად განწირული ლეღვის მურაბასავით ბუყბუყებდა, თუხთუხებდა და "სუნთქავდა".
       თუმცა ეს ლიმონიც გამოწურა ელენემ და თუმც დიდი გაჭირვებითა და გულისწყვეტით, მაგრამ მაინც გადააგდო ნაგავში თანაც იმ განცდით, რომ აწი ლიმონს საერთოდ აღარ მოიხმარდა.
       
თბილისში ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. სანდროს უნივერსიტეტის საფოსტო ყუთში რაღაც გაურკვეველი მეილი დახვდა, რომელიც ლექსების კონკურსზე იუწყებოდა რაღაცას. აქ გაირკვა ის ფაქტიც, რომ სანდრო საკმაოდ კარგ და სოლიდურ ლექსებს წერდა. ჰოდა განიზრახა თავისი ერთ-ერთი ლექსის კონკურსატად გამოცხადება.

   ჩაფიქრდა, მასზე გასამგზავრებლად ყველაზე წარმატებული ლექსი უნდა აერჩია, რისვისაც კომპეტენტური ჟიური სჭირდებოდა.
           სქესი-მდედრობითი, რადგან მისი ყველა ლექსი ამ სქესს ეძღვნებოდა. ჰმ... სასურველია პოეზიის მოყვარული, მასში გათვითცნობიერებული.... და კიდევ ერთი აუცილებელი პირობა! სანდროს პიროვნება მისთვის ნაკლებად ცნობილი უნდა ყოფილიყო.
           ელენეს მიწერა........
           შეხვდნენ. ვერის პარკში.
           ელენე გიჟობდა, აქტიურობდა, სანდროს მოეჩვენა, რომ ცოტას ეპრანჭებოდა კიდეც. სიგარეტს ღერი-ღერზე ეწეოდა და თან გამომწვევად უყურებდა თვალებში. ხანდახან, როცა დაცვა მათ ტერიტორიას გასცდებოდა, სკამზე სასაცილოდ შემოაწყობდა ხოლმე ფეხებს და პატარა გოგსავით უცინოდა.
            სანდროს ელენე მოეწონა.
            ლექსი აარჩიეს.
        საღამოს მესიჯი აკრიფა... მერე წაშალა. არა, ისევ აკრიფა. შეასწორა, დახვეწა და ელენეს გაუგზავნა.
       
           ძალიან მოეწონა ელენე. რომელიც იმ პერიოდში თავისუფალი იყო.
            ელენემ უპასუხა. მთელი ღამე ისაუბრეს.
     ასე გაგრძელდა დაახლოებით 1 თვე. ორივე მოუთმენლად ელოდა ღამის 12 საათის დადგომას, რატომღაც მათდაუნებურად ეს დრო დაითქვა მიმოწერის წამოწყების დროთ.
       

    1 თვის მერე ისე შეხვდნენ ერთამენთს, თითქოს მთელი ეს წლები ამ მოვლენას ყოველდღიური სახე ჰქონდა. სინამდვილეში ორივე გულის ამოვარდნამდე ნერვიულობდა და ცდილობდა მობილიზება მოეხდინა.
            სასაცილოა მაგრამ ისევ პატარა სკვერში წავიდნენ.
            ისაუბრეს ბევრი. ისაუბრეს ბევრზე. ისაუბრეს ბევრნაირად. 1,2,3,4,5 საათი.
 ცალკე ელენეს ტელეფონი რეკავდა 10 წუთში ერთხელ, ცალკე სანდროსი...  ორივეს მეგობრები ეძებდნენ.
     

      მერე სანდრო ელენეს ახლოს მიუჯდა და თვალებში ყურების პოზა, მოხვევის პოზაში გადაიზარდა. მთვარე ამოიგლისა ცაზე და ჭორიკანა მეზობელივით ხარბათ დააცხრათ თავზე, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო, რომ არცერთს არ აღიზიანებდა. პირიქით, უყურებდნენ და დაუმეგობრდნენ.
         
   ერთმანეთის სუნთქვას და გულის ძგერას ითვლიდნენ.
ორივეს უნდოდა რაღაც ეთქვა, ექნა მაგრამ თითქოს არარსებული ხუნდები გასაქანს არ აძლევდნენ.
             ბოლოს ელენემ აკოცა სანდროს. დიდხანს და ვნებიანად კოცნიდა. სიყვარულით კოცნიდა, ოღონდ გაუგებარია საიდან ან რატომ უყვარდა.
            მაგრამ უყვარდა.
   

       1 თვე მალავდნენ რომ ერთად იყვნენ.
       1 თვე ყოველი საღამოს 10 საათზე ერთმანეთს ხვდებოდნენ და სეირნობდნენ. ყველგან.
       ბოლოს გამოტყდნენ. მაგრამ ეს ალბათ უფრო საბოლოოდ საკუთარ თავთან გამოტყდომა უფრო იყო, ვიდრე საზოგადოებასთან.
       სანდრომ ელენე, ელენემ სანდრო შეისისხლხორცა.

        7 თვეა ყოველ დღე ყოველ წამს, ყოველ წუთს ან ერთმანეთის გვერდიგვერდ, ან ერთმანეთზე ფიქრში ატარებენ.
        იჩხუბეს უკიდეგანოდ ბევრი და უკიდეგანოდ ბევრ რამეზე.
        შერიგდნენ ისე რომ არავის გაუგია.
        ელენემ ძლიან ბევრი შეცდომა დაუშვა და სანდრომ ისინი აპატია...
    უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, ისე, როგორც ექსტრემალი ადრენალინის გარეშე, ნარკომანი-ნარკოტიკის, მოცურავე-წყლის, მხატვარი-საღებავის, მსახიობი-სცენის და ა.შ.


         დღეს მარტო "მე" და მარტო "შენ" გადაიზარდა "ჩვენ"-ში.
         დღეს ოჯახის შექმნა უნდათ.
         დღეს ისინი ამისთვის იბრძვიან და არა მხოლოდ ამისთვის.

ელენეს ძალიან ბევრი პრობლემა დააძლევინა სანდრომ. ელენე დარწმუნდა საკუთარ თავში და იცის, რომ აღარასდროს აღარ შეიცვლის გადაწყვეტილებას.

            სანდრო, ელენეს შენ უყვარხარ, სულ ეყვარები და გთხოვ, აღარასროს, აღარაფრის აღარ შეგეშინდეს. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!

10.10.11

ის, რასაც ყველა ვაკეთებთ

     არასდროს გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენი მსგავსებაა პროგრესულად მოაზროვნე არსებებად მიჩნეულ ადამიანებს შორის???! მაშ მე გეტყვით - ბევრი!
    რა თქმა უნდა, არსებობს "ზე-ხალხიც" თუმც მათზე ნუ ვისაუბრებთ. :)
მეტი თვალსაჩინოობისთვის შევეცდები რამდენიმე მაგალითით გაგახალისოთ.
ალბათ არ დაკვირვებიხართ, მაგრამ:

      მესიჯის მოსვლისას პირველი ვინ მოგწერათ ამას უყურებთ და არა ტექსტს :) ასევე ჯოკრის თამაშისას კარტის ხელში აღებისთანავე ვეძებთ მასში მინიმუმ 1 ჯოკერს. კომპიუტერთან დაჯდომისას პირველ რიგში ვსტუმრობთ საიტ facebook-ს, სტუმარის მიღებისა და გამარჯობის შემდეგ აუცილებლად ყველა ვსვამთ ერთ ბანალურ შეკითხვას "ყავა თუ ჩაი?" მობილურ ტელეფონზე არასასურველი ადამიანის  ზარის შემოსვლის შემთხვევაში ჩვენი ბაგეებიდან ამოისმის სიტყვა " აუუუ" აღნიშნულივე ტელეფონის ძირს უხერხულად დავარდნის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა მის ეკრანს დავცქერით შეშინებულნი ( ემანდ და ხომ არ გატყდა) "მწეველი" ახალგაზრდები სტატუსის გამართლებისა და გულიანად მოწეული ღერის შემდეგ აუცილებლად ღეჭავენ საღეჟ-რეზინს ამ ფაქტის საგულდაგულოდ დამალვის მიზნით, დილით გაღვიძებისთანავე პირველ რიგში ვუყურებთ საათს ( ცხადია უსაქმურ ადამიანებს აღნიშნული საკითხი ნაკლებად აწუხებთ : )  ) ყველა, ყველაზე ხშირად ვურეკავთ დედას (მამას) და ა.შ

        არის კიდევ უამრავი ის რაც აერთიანებს ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვეთ, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. საინტერესოა ვუკვირდებით კი ამ ყოველივეს?
იქნებს ესაა იმის საწყისი ეტაპი, რასაც მასად ყოფნა ჰქვია? ცხადია როგორც მოქალაქე, პლანეტა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანი და უბრალოდ არსება-რაღაც მასის ნაწილი ავტომატურად ხარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მასა-მოიაზრება როგორც ერთფეროვან ამფიბიათა დინების მიმართულებით გადაადგილებადი ბრბო.


         მე არ მინდა ვიყო შენნაირი და არც ის მინდა შენ მგავდე მე. ჩვენ ინდივიდუალურები ვართ. ცხადია ამას მოყვება დავა და კამათი როგორ, მარტო საერთო ჩვევები ხომ არ აყალიბებს ადამიანებს იდენტურ ერთეულებადო და მართალიც იქნება ყველა ვინც ასე იფიქრებს, კიბატონო, პიროვნება ქმნის ინდივიდს, ინდივიდი-ინდივიდუალური და უნიკალურია თავისთავად და ასე გამოვირჩევით ერთმანეთისგან (სახელისა და გვარის შემდეგ) მაგრამ მე მაინც მაშინებს ეს "ტექნიკის ეპოქის" მიღწევებქვეშ მოქცეული თაობის ბედი, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტზე, მობილურზე, ტელევიზორზე და ა.შ ( თუმცა არ შემიძლია ესოდენ დიდი სიყვარულით არ მოვიგონო ნიკოლა ტესლადან დაწყებული, ტომას ედისონით დამთავრებული ყველა ვინც ესოდენ დიიიიიიიდი წვლილი შეიტანა ჩვენს განვითარება-დახვეწაში)

       ისინი რომ არა, ეს პოსტიც ხომ არ იქნებოდა?
        არც შუქი....
        არც უამრავი კომფორტი რომელიც ელექტრო ენერგიის შემოსვლას მოჰყვა შეძლებისდაგვარად ფეხდაფეხ...
        მიუხედავად იმისა, რომ სანთლის შუქზე, ბატის ფრთით სატრფოსადმი მიწერილ წერილებსაც უდიდესი ეშხი ჰქონდათ მინდა მოგიწოდოთ ერთხმად ვაღიაროთ-არსებული რეალობა სჯობს! :)

         მოკლედ, რაღაც ძალიან უცნაური პოსტი გამოვიდა, "არც მიწისაა, არც ცისა" მაგრამ რატომღაც მგონია, რომ საინტერესოა. ვნახოთ კიდევ რა საერთო შეიძლება გვქონდეს ადამიანებს :) მაგალითად იდენტური ემოციები და კომენტარები ამავე პოსტზე :))))

22.9.11

სექსი-სიყვარულის ერთ-ერთი განშტოება, თუ გამრავლების უფლისგან ბოძებული საშუალება.



რატომღაც დღეს ჩემთვის უჩვეულოდ ადრე დავბრუნდი სახლში და პირველი სამზარეულოს მივადექი. ვიცოდი, მაცივარში ცივი რძე მელოდებოდა. სამწუხაროდ ორი გულდასაწყვეტი რამ მოხდა. 1-რძე აღარ დამხვდა და 2-ბოლო ხმაზე აღრიალებულ ტელევიზორში დიანა ჯოჯუა და ზაალ უდუმაშვილი გაღიმებულები გავიდნენ კადრიდან და ტრაგიკული სახის უბადლო ავტორ-შემსრულებებლი მაია ასათიანი შემოიჭრა ტელე-სივრცეში.

რძის გარეშე დარჩენილმა ვიფიქრე, ყავას მაინც მოვიდუღებდქო და ასე სევდიანად ჩამოვდექი გაზქურასთან. პარალელურად "პროფილი"-ს ხმა მესმოდა და ამ მოსმენა მოსმენაში დამაინტერესა. ( რაც ჩემთვის მართლა არადამახასიათებელია)

თემის სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძირითადად სექსზე საუბრობდნენ. გულში გავიფიქრე, ვა ყოჩაღ მაიათქო, ბევრი ვერ გაბედავდა ამ თემის გაშუქებას ( სამწუხაროდ და სამწუხაროდ!!!!!) და სწორედაც რომ მართალი ვიყავი.

გადაცემა სტილისტურად აბსოლუტურად სწორად იყო აწყობილი, იყვნენ სექსოლოგები, გინეკოლოგები, უბრალოდ სექსით გატაცებული და მასზედ შეყვარებული ადამიანები, ქალიშვილები, ფრიგიდული ქალიშვილები, ძალიან ქალიშვილები, უსაშველოდ ქალიშვილები, ჭეშმარიტი ქალის შვილები და სხვა.

საწყალი ეს ისედაც ერთი ციდა მაია, სულ დაბნეული დარბოდა აქეთ იქით და საოცრად ერიდებოდა კითხვის დასმა. პარალელური მონტაჟის პრინციპით, გადაცემაში მიდიოდა კადრები რომლებიც სხვადასხვა რეგიონებსა თუ დედაქალაქში გამოკითხვის შედეგებს ასახავდა.

რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი, რწმენა, სურვილი და მოთხოვნა აქვს, მაგრამ ასე კატეგორიულად? ასე გადაჭრით, ასე გულისწასვლამდე??? ....

კითხვები იყო მარტივი: "დასაშვებია თუ არა ქალს და მამაკაცს შორის სექსუალური კონტაქტი შეუღლებამდე" პასუხი: " ტიტუუუუუუუუ, რასაა ბოშო რო ბოდავ, რავა შეილება ეგ...." კითხვა: " მამაკაცს შეუძლია მეუღლეს უღალატოს და ცოლს ააქვს ამის უფლება?" პასუხი : "ახლა კაცი თუ პატარას გაივლ-გამეივლის რა უჭირს მერე და ქალს რავა ეკადრება ეგ"
კითხვა: "რას ნიშნავს ბოზი" პასუხი: " ქალი რო პაპიროსს ჩეიდებს პირში ბოზია აბა რა"
და ასე შემდეგ და ასედა ამგვარად.

გულრწფელ ბოდიშს ვიხდი ასე, კუთხური აქცენტით, რომ დავწერე, ეს რა თქმა უნდა ჩემი გასარჩევი და განსაკითხი არ არის, მაგრამ მეტი თვალსაჩინოობისთვის ჩავთვალე რომ ასე უკეთესი იქნებოდა.


მაგრამ აქ უკვე მე მაქვს კითხვა-რატომ? თან ძალიან ბევრჯე-რატომ? რატომ არ შეიძლება თუ ორ, ჯანმრთელ ადამიანს ერთმანეთი უყვარს ჰგონდეთ ასევე ჯანსაღი ურთიერთობა ამ სიტყვის ყველანაირი დატვირთვით? რატომ არ შეიძლება ერთად იცხოვრონ ხელის მოწერის, ჯვრის დაწერის, თითის ანაბეჭდების აღების, ფეხის ზომისა და სქესის ლაბორატორიულად დამტკიცების გარეშე? და საერთოდ ვისი რა საქმეა ვინ, ვისთან, რატომ, სად, რა სიხშირით და რა მოტივით წევს???

კიდევ ერთხელ გავმეორდები, კიბატონო, არავის ვედავები, არც ჩემ აზრს გახვევთ თავზე, უბრალოდ რა აუცილებელია ამის ასე მოთხოვნა და კატეგორიულად გადაწყვეტა, გქონდეთ ყველას თქვენ თქვენი აზრი, იცხოვრეთ თწვენი რწმენით და კიბატონო, აღზარდეთ საკუთარი სექსის შედეგად ჩასახულ-გაჩენილი შვილები როგორც გენებოთ, მაგრამ სხვის შვილებს რაგას ვერჩით? ხალხნო.....

თურმე ქართველებს ნამდვილი, კარგი და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სექს-შოფიც გვქონია. რად გინდა-დალეწეს, დაღეჭეს დაწვეს და დაწყევლეს. იმ მაღაზიის ადგილას, ხე რო ხეა და ბუჩქი ეგეც აღარ ხარობს მემგონი.... არადა ყოფილიყო ვის რას უშლიდა, მშვენივრად თურმე დაბურული ფანჯრები ჰქონდა, არც "სარცხვენისები" ელაგა ვიტრინაში და არც 18 წლამდელ ძარღვებში სისხლ მოწოლილ ახალგაზრდობას უშვებდნენ შიგ მაგრამ ჰა.... დავიჯერო რელიგია კრძალავს ამასაც??? ადამიანმა, კიბატონო, ქმარმა შეიძინოს მაგალითად არ ვიცი, ტყავის მათრახი და ტრუსები და საკუთარი ცოლი, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში გაამათრახოს??? თუ იმას გვეუბნება რელიგია ქმარს უარი არ უნდა უთხრაო???


არც ესაა ჩემი საქმე, კიბატონო.

თუმც კიდევ ერთი მაგრამ, ცოდოა ის, ვიღაც ლამაზი გოგო, დაბადებული სადღაც სოფელში, ჭკვიანი, პერსპექტიული, ნიჭიერი, ცოდოა, იმიტომ, რომ 18-19 წლის ასაკში გაურიგებენ ვინმე ლოყებღაჟღაჟა, კიბატონო სადნომიან და მშრომელ, მაგრამ მაინც უბრალო ბიჭს, გააყოლებენ ცოლად, გამოკეტავენ სახლში, გააჩენინებენ შვილებს უსიყვარულოდ, უპატრონოდ და ყოველგვარი სექსუალური გამოცდილება-განათლების გარეშე და რა? ასე დააჭკნობენ მიტოვებულ ეზოში ამოსული ერთი პატარა ვარდივით იმ ფაქტს შეუგებულს, რომ "ქმარი კაცია და ქე გეივლ-გემეივლის პატარას, მარა შეუნ უნდა მეითმინო"

ყველას აქვს სიტყვის უფლება. ქალსაც კაცსაც, მოხუცსაც და ბავშვსაც. ვინ რას და როგორ გაითვალისწინებს მერე, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ არჩევანის და სიტყვის თავისუფლებას ნუ შეგვიზრუდავთ პატონო, მოგვეცით საშუალება ვიყოთ თავისუფლები და ამას გარყვნილებად და ბოზობად ნუ აღიქვამთ. არაა ეს კატასტროფა. დამთავრდა კომუნისტების დრო, დრო, რომელშიც სექსი არ არსებობდა! აქ აქცენტი იმაზე კი არ კეთდება, რომ აუცილებლად უნდა დაკავდეს წყვილი ამ "სამარცხვინო საქმით", არამედ უბრალოდ იმაზე, რომ ნუ გვახვევენ თავს სხვები თავიანთ აზრებს...!!!!! ყველას აქვს უფლება ისე იცხოვროს როგორც თვითონ მიაჩნია სწორად და არა მის გარშემომყოფებს.

ყველას აქვს სიყვარულის უფლება- სექსი კი, სიყვარულია.

21.9.11

facebook



    დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი პოსტი დაწერილა ამ თემაზე და ბევრიც დაიწერება, მაგრამ ამჯერად მე მინდა გაგანდოთ ჩემი გულისტკივილი.

facebook-ი დღეს საქართველოში ისევე როგორც მთელს სამყაროში, ერთ-ერთი (მაგრამ ალბათ მაინც უფრო ერთადერთი) ყველზე პოპულარული სოციალური ქსელია, მაგრამ მგონი უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, პარალელური სამყარო. facebook-ით ვიძინებთ და facebook-ით ვიღვიძებთ. ( აქვე დავსძენ, რომ ძალიან მშურს იმ ადამიანთა მცირე პროცენტისა, რომლებსაც ან საერთოდ არ გააჩნიათ facebook-ი, ან მისი ძალიან იშვიათი სტუმრები არიან)

ეს არის ვირტუალური სამყარო რომელიც გართმევს უამრავ დროს, გაძლევს ყველაფრის საშუალებას და ასევე გზღუდავს. facebook-ში შეგიძლია იყო ( ნუ რათქმაუნდა ისევე როგორც ყველგან ვირტუალურ სივრცეში) ის ვინც გაგიხარდება. უფრო ხშირად ეს უბრალოდ შენთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო, მარტივი და თითქოსდა შენგან დამოუკიდებელი საშუალებაა. მაგალითად გადაიღე ახალი ფოტო, რომლის დემონსტრირებაც გინდა შენი friend-ებისთვის, მაგრამ არა პირდაპირი გზით. რამდენიმე წამი, ერთი share და საქმეც გაკეთებულია. მერე უამრავი პირფერი კომენტარი, გამაღიზიანებელი ლაქუცი და " ჩემი ჩემი ჩემი კრასავიცა"-ს ყვირილი მარჯვნივ მარცხნივ.

რათeქამუნდა facbook-ი დადებითი თვისებებითაც არის დაჯილდოვებული მშობელი მამისა (mark zuckerberg) და ეგზომ დიდი შემოქმედებითი კოლექტივის მიერ. (ჩამოთვლას არ დავიწყებ, დარწმუნებული ვარ ჩემზე კარგად იცით)


მაგრამ, მე მაწუხებს ეს საოცარი დამოკიდებულება ჰაერის მსგავსს გამჭვირვალობაზე, რომელიც ძაბრივით მიწოვს და მაიძულებს დავექვემდებარო..... მას მერე რაც facebook-ის მომხმარებელი ვარ, მისი სტრუქტურა, შიგთავსი და ვიზუალი ბევრჯერ შეიცვალა, ბევრჯერაც დავიბენი და გავბრაზდი მაგრამ რა, დღემდე მისი აქტიური მომხმარებელი ვარ რაც დიდად სახარბიელო არ არის
.
       არაერთხელ (ჩემდა სამწუხაროდ) გადავყრივარ გარდაცვლილი ადამიანის facebook-ს,სადაც მის wall-ზე სხვადასხვა ადამიანები წერდნენ სამძიმრის წერილებს, დებდნენ სევდიან სიმღერებს და სხვა მსგავსი მარაზმით მოიხსენიებდნენ დაღუპულს. ( ალბათ ნაკლებ თემატურად მაგრამ მაინც უნდა ჩავურთო, მარტო ის ისტორია რად ღირს, დედამ რო ფერმის მოსავლის აღების გადამკიდე შვილი მოკლა შიმშილით). მაფიქრებს უკვე ეს facebook-ი.... მეშინია მეც არ გავაფრინო......


ისმის კითხვა: ბევრია ჩესმ დღეში??? პასუხი: დიახ. მაგრამ ამ "ბევრიდან" ძალიან ცოტას აწუხებს ეს ფაქტი. (მეც მათ შორის ვიყავი სანამ არ მივხვდებოდი რომ  facebookომანია დამემართა)
facebook-მა ჩაძირა ოდნოკლასნიკები ( რაც მე მაპატიეთ და საოცრად მახარებს) ჩაძირა skype,  yahoo ( ნუ იგი აგერ უკვე მერამდენე წელია ქართულ რეალობაში ჩაიძირა მაგრამ მაინც...) msn და  სხვა.

არ შემედავოთ, ჩაძირა. მე პირადად მართლა თვეში ერთხელ თუ შევალ skype-ში, ისიც თუ ვიღაცას რაღაც საქმე აქვს.

დიახ, მე მქვია ნინა შმიდტი  და მე  facebook დამოკიდებული ვარ.

20.9.11

დო, რე, მე, ფა, სოლ, ლა, სი, დო.

დო-სი-ლა-სოლ-ფა-მი-რე-დო. :)))) მარტივი შვიდი ნოტი რომლიდანაც იქმნება ყველაფერი-დაწყებული იავნანიდან, რომელსაც დედა უმღერის შვილს, დამთავრებული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების საუნტრეკებით.

მე ყველანაირ მუსიკას ვუსმენ. ამჟამად gramatik-ი მაქვს აჟღერებული და რაღაცნაირად მამშვიდებს. (გიზიარებთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ კომპოზიციას: http://www.youtube.com/watch?v=FZK9Zi26Izc ) gramatik-ი აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ :)

საინტერესოა ძირითადად რა სტილისა და მიმდინარეობას ეტანებიან ქართველი ახალგაზრდები :) ალბათ ეს მაინც როკია, თუმც არსებობს მეორე კატეგორიაც, (რომლებსაც მე გრუზინებს ვეძახი და ამით ყველაფერი ნათქვამია:) ) რომლებიც თვლიან რომ როკი სატანისტურია, მაგრამ the beatles მაინც მაგარია :) (ამონარიდი ციკლიდან "მხოლოდ საქართველოში")

როკერობა- მოდაშია. ერთი პერიოდი რაღაც კიდევ ერთი საინტერესო და ჩემთვის პირადად ოდნავ საშიში მიმდინარეობაც შემოიჭრა ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში-ეს იყო ემო. :) რომელთა ყოველდღიურ გარდერობში ძირითადად ვარდისფერი და შავი ფერები სჭრბობდა :)

მუსიკას თავისი დანიშნულება აქვს, ასე მჯერა მე. მაგალითად არ შეიძლება უსმენდე "ხმალი ავლესოთ ქართველებოს" და ზეპელინების " baby i'm gonna leave u"-ს ერთდროულად და ერთი და იგივე სიხშირით. მუსიკა ქმნის განწყობას, მაგრამ უფრო ხშირად, განწყობით იქმნება მუსიკა.

თუმცაღა......

ალბათ ბევრი თქვენთაგანი დაკვირვებია, წარმოიდგინეთ რომელიმე საშინელებათა ფილმის ყველაზე მძაფრი მომენტი და ზედ მულტფილმ "happy three friends"-ის საუნტრეკი :)  (უფრო მეტი თვალსაჩინოობისთვის ვდემონსთრირებ სიმღერას: http://www.youtube.com/watch?v=EXjuR0AvLrw ) ხომ საერთოდ არ იქნებოდა საშიში? იდიოტური კომედიები ხომ სწორედ ამ პრინციპით იგება? :))))

მე პირადად ვუსმენ ბევრს და ბევრჯერ. ძირითადად მაინც earth wind and fire; m.j.j jackson; barry white; beyonce, brian culbertson; chris bott; and chillout music.

მჯერა ბევრი გამომრჩა, მაგრამ იმისიც მჯერა რომ არ მიწყენენ :)

მოკლედ....

სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრებს საყვარელი კომპოზიტორის, ავტორისა თუ შემსრულებლის შესახებ და საერთოდ, ვიმჯელოთ მუსიკაზე და მუსიკალურ გემოვნებაზე, მასზე ხომ დავობენ? :)))))





19.9.11

odyssey ანუ დაუვიწყარი შოუ თბილისსში


თითოეული პოსტის დაწყებისას გინდა რომ ის წინამორბედებზე და ამბიციების მოზღვავების შემთხვევაში-ყველა სხვის პოსტზე საუკეთესო იყოს, თუმც ეს ნამეტანია ჩემი აზრით :)))

დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები სპექტაკლ " ოდისეას" შესახებ. ეს იყო ყველაზე მარტივი სპექტაკლი რაც ცხოვრებაში მინახავს, ურთულესი სცენარით და შესრულებით. მივყვეთ თანმიმდევრობით.

საღამოს 5 საათსა და 45 წეუთზე თბილისის დროით, დედაჩემის ნერვიული ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე. "ალო"-ს თქმა და "ჩქარა ჩაიცვი და გამოვარდი მუსიკის და დრამის თეატრშიო" ერთი იყო. დავნებდი და გავეშურე მოლიდინით აღვსილი თეატრისკენ.

ადგილზე მისულს დამხვდა შავი, უსახური სცენა ყოველგვარი დეკორაციის გარეშე. შავივე ფარდებით, დაბნეული კაპელდინერებითა და ჯუჯღუნა დამლაგებლით "აქ ნუ დადიხართ ეხლა მოვწმინდე" (გეგონება ჩემი ბრალი იყოო იქამდე რომ რატომღაცდა არ მოწმინდა). მოკლედ.....

დაიწყო სპექტაკლი და მეც მოვემზადე რაღაც განსაკუთრებულისთვის. მინდა აღვნიშნო რომ მივიღე კიდეც. ბრიტანელი მსახიობის მონო წარმოდგენამ შემძრა და დამიმონა. george mann-ი საათი და ათი წუთის განმავლობაში იდგა სრულიად შიშველ სცენაზე, ყველანაირი მუსიკისა თუ დეკორაციია-განათებების გარეშე და ასრულებდა მთხრობელის, ოდისევსისა და ყველა ამ მითში არსებული პერსონაჟის როლს, ისე რომ გული დამწყდა სპექტაკლის დასრულებისას და ჩემს გვერდით მჯდომ ამხანაგს გადავულაპარაკე: " რა მაგარი იყო, არ მეყოთქო"


რათქმაუნდა დარბაზში მოიძებნენ ნამდვილი "გრუზინებიც", რომლებმაც თქვეს ეს რა იყო, ამას ჩვენც ხომ შევძლებდითთო, რაზეც მე კარგი ბოქსიორივით გავიაჩე და ვიღაცამ იქვე მიმაყუჩა ქეჩოში ხელის ჩავლებით (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ვიღაც დედაჩემი იყო).

ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ჯორჯს იგივე გეორგს, იგივიე გიორგის ანუ საბოლოოდ george mann-s წლის საუკეთესო მსახიობად, უნიჭიერეს ადამიანად და უბრალოდ კარგ პიროვნებად ვაღიარები (ამ უკანასკნელში მის დასსთან ვახშმობის შემდეგ დავრწმუნდი ფესტივალის სპონსორ კლუბში)

აი ასეთი იყო დღევანდელი დღე. მე, უაზროდ კმაყოფილი და უზომოდ შეყვარებული გიორგიზე დავბრუნდი სახლში და სწრაფ რეჟიმში გაგიზიარეთ ეს ყოველივე. რამდენად კარგად ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ როგორც უნიჭო ხუმრობის მოყოლისას უყვართ ხოლმე თქმა:" ეს უნდა გენახა"-ო, მართლაც, იქ უნდა ყოფილიყავით და ეს უნდა გენახათ!!! :))))