19.12.11

დეიდა, თუ შეიძლება......


     პირველად ალბათ საბავშვო ბაღში მაწყენინეს, მაგრამ არ მახსოვს.
 
     მერე სკოლაში შემიყვანეს. სადღაც, სოლოლაკში. იქაც ერთადერთი მოგონება ისაა რომ მახსოვს ეზო და ფიზკულტურის გაკვეთილები გვქონდა, სადაც ორდროშობანას ვთამაშობდით.
   მერე ისევ სკოლაში შევედი. უკვე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სადაც 2 კლასიდან სიკვდილამდე ვიყავი. (მაშინ რატომღაც 1 კლასი არ გააჩნდა ჩემ სკოლას)
  მოკლედ პირველად ალბათ სკოლაში მაწყენინეს. ზუსტად არ მახსოვს იქ პირველი იყო თუ არა.
 

დღეს მე გაბრაზებული ვარ. საერთოდ სხვა თემაზე მინდა წერა. არ მრცხვენია! არ მერიდება ამ ელექტრონული დღიურის წარმოებია და არც იმის გაფიქრება მაშინებს, რომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ჩემი განცდების წაკითხვას. ზოგი სწორად აღიქვამს, ზოგს სიცილად არ ეყოფა.

 but i don't care.

        ამასწინათ ვაკანტური დრო გამიჩნდა და ა პუნქტიდან ბ-მდე სანამ მივიდოდი, შუაში, ერთ-ერთ იმ ათას სოკოსავით მოდებულ კაფეთაგანში შევედი რომელთა ნაკლებობასაც თბილისი არ უჩივის.

       დავჯექი ასე მარტო, ამერიკულად და ყავა შევუკვეთე.
შემოცუქცუქდა სამი გოგოშკა. ჩემს გვერდით დასხდნენ და დაიწყეს ქოთქოთი.

თავიდან არ ვუსმენდი და ჩემი პრობლემის გადაწყვეტრას ვლამობდი ჩემსავე დაბინძურებულ გონებაში, მაგრამ მას მერე რაც ყავაც დავლიე და დრო მაინც ოხრად მქონდა რა ვქნა, ვაღიარებ და ყური მიმეგდო.

      მათ შორის ერთი, ყველაზე აქტიური როგორც მერე გავიგე სახელა მაშო-ორ მასზე იდიოტივით მიშტერებულ  დაქალს ლიზას და ლიზის დიდი მონდომებით უყვებოდა გერმანიის ამბებს.

        "აუ ბერლინი ძააააააან მაგარია. მამაჩემის ვიზა ელექტრონი მქონდა და გოგო გავიტანე პრადა და ზარა" ( აქ აღსანიშნავი და სასაცილოა ის ფაქტი, რომ გოგოს ზარა მაგარი ბრენდი გონია და პრადასთან ერთად მოიხსენიებს საშუალო ფენასა და სტუდენტებზე გათვლილ, დაბალფასიან და შეძლებისდაგვარად მაღალხარისხიან ბრენდ-ზარას. მოკლედ)

           ლიზას და ლიზის აღფრთოვანებას ამ წინადადებაზე-საზღვარი არ ქონდა.
დაახლოებით მსგავს სისულელეებზე საუბრობდნენ, უფრო სწორად მაშო ქოთქოთებდა და ესენი უსმენდნენ.

          "გოგო ეს ბოტები ლიკუნამ ჩამომიტანა ეხა რო ლონდონში იყო იქიდან, 280 ფუნტი მიუცია ხოა დაცემა?"

ამ წინადადებაზე ვეღარ მოვითმინე და ჯერ თვალი გავაპარე მისი ბოტისკენ, მერე ჩამეფხუკურა და რომ არ მიმხვდარიყვნენ რომ დავცინი, ეს სიცილი სწრაფად და ოსტატურად გადავზარდე ხველებაში.

      ბოტი იყო პირადად ჩემ მიერ ბაზრობაზე ნანახი და 50 ლარად შეფასებული ბოტის აბსოლუტური ანალოგი. თუმც რა თქმა უნდა შესაძლოა ვცდებოდე :)

        ამ დროს კაფეში პატარა ბავშვი შემოვიდა. ხელში ხატები და საეკლესიო კალენდარი ეჭირა. მე ოთახის ბოლოსკენ ვიჯექი ამიტომ სანამ ჩემამდე მოვიდოდა ჯერ რამდენიმე მაგიდა უნდა გაევლო.

     მოვიდა ჩემამდეც.
"დეიდა, იყიდე რა კალენდარი, ბარბარობა და ნიკოლოზობა მოდის და გეცოდინება"
მითხრა სევდიანად და ოდნავ მუდარანარევი ხმით.
     კალენდარი არ მინდოდა არც ხატი. ვიცი ბავშვებისთვის ფულის მიცემა არ შეიძლება და ამით მათ უსაქმურობისკენ უბიძგებ, მაგრამ ძალიან მომინდა და ჩემს საფულეში არსებული 5 ლარიდან, 1 ლარი მას შევთავაზე.

    ძალიან ეწყინა.
 არ ვარ მე დეიდა მათხოვარი თუ გინდა იყიდე ხატი თუარადა აღარ შეგაწუხებო.
ისე შემრცხვა სად გავმქრალიყავი არ ვიცოდი.

  ვიყიდე კალენდარი და წმინდა ნინოს პატარა ხატი.
ბავშვმა მადლობა მომიხადა და მაშოს ლიზის და ლიზას მაგიდას მიადგა.

"შეიძინეთ ხატი ან კალენდარი 1 ლარად" სთხოვა ბავშვმა, მომიღიმარი სახით, ნიკაპით ჩამოემხო მაგიდას და მარჯვენა ფეხის ქანაობა დაიწყო.

  მე აბარგება დავიწყე ამ ჩემი კალენდრიანად. ქურთუკის ღილებს ვიკრავი რომ უცებ კივილი შემომესმა:

   -"ხელი გაუშვი შე ძუნძგლიანო აუ დაცვა დაცვა არააა, გაათრიეთ ფუუუუუუუ"
   კიოდა მაშო.
კიოდა იმიტომ რომ ბავშვს მისი ბრჭყვიალა ჩასადებში გაწკეპილი აიფონი მოეწონა და გადიდებული თვალებით ხელი დაადო და თქვა :" ვაააა"

  სად იყო და სად არა, გაცეცხლებული ოფიციანტი მოვარდა, ბავშვს ხელი მკლავში ჩაავლო და თვალის დახამხამებაში კაფიდან გაისროლა.

  ფანჯარაში დავინახე როგორ თავჩაღუნულმა ამოიღო ჯიბიდან ხურდები, გადათვალა, სიცივისგან მომუჭულ ხელებში ჩაიორთქლა, მძიმედ ამოისუნთქა და ფეხებისთრევით აუყვა ქუჩას.

  მერე ჩემს გვერდითა მაგიდას გავხედე, სადაც კმაყოფილი მაშო ხარბად ქაჩავდა რაღაც წვრილ სიგარეტს და უზარმაზარი ქოლგებიანი და ხილით გაფორმებული ჭიქიდან ვარდისფერ სითხეს სვამდა, ლიზა და ლიზი კი ისევ ისეთივე იდიოტური სახეებით შესცქეროდნენ და უსმენდნენ მის პუტუნს.  საოცარი აგრესია გამიჩნდა, უხეშად დავასრულე აბარგება, მათ მაგიდასთან მივედი, კალენდარი დავუდე, კალმით 28 აგვისტო შემოვუხაზე, ბოროტი ადამიანი ხართქო ვუთხარი და წამოვედი, წამოვედი ზუტად ისეთივე მძიმე ნაბიჯებითა და ღრმად დახრილი თავით, როგორც ის ბავშვი რომელიც ყიდდა კალენდრებს იმისთვის რომ საღამოს პური ეყიდა.....

       
 

11.12.11

უცნაური.....ა......


        ელენემ და სანდრომ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს. წლების წინ, მაშინ, როცა ფორუმები მოდაში იყო.
        ინიციატივა ელენეს ეკუთვნოდა, სანდროს გამორჩეული წერის მანერით მოიხიბლა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა და ბოლოს მიწერა, პმ-ში.
     

 სანდროც გამოეხმაურა.
დაიწყეს ურთიერთობა. ნელ-ნელა ამ ჩარჩოებს გასცდნენ და "სკაიპში" გადაიზარდნენ.
საათობით საუბრობდნენ. აბსოლუტურად ყველა თემაზე. დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ელენე ხშირად სპეციალურად სანდროსთან სასაუბროდ დაბრუნებულა სახლში ადრე.
         მერე ურთიერთობა დაიკარგა. რატომ არცერთმა არ იცოდა.
არა, მე ვიცი, იმიტომ რომ ელენეს ძალიან ბევრი და თავბრუდამხვევი რომანი ჰქონდა ირგვლივ გარსშემორტმული, ისე, როგორც აგარაკის ვერანდაზე ანთებულ ნათურას ღამის პეპლების ჯგრო.
     

  ასე გავიდა 4 წელი.


სადნრო სწავლობდა, სპორტს მისდევდა, მერე მუშობა დაიწყო, მოკლედ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანივით ცხოვრობდა. ჰქონდა პატარ პატარა გატაცებები, მაგრამ არაფერი სერიოზული.
      ელენე ამ დროს ხარბად ეწაფებოდა ყველა მის ცხოვრებაში უკვდავების წყაროს სახით წარმოჩენილ ახალგაზრდა მამაკაცს და ცდილობდა ის ერთადერთი და სამუდამო ურთიერთობა აეწყო რომელიმესთან, მაგრამ სამწუხაროდ ის მათზე ძლიერი იყო და ბოლოს უსარგებლოდ გამოწურული ლიმონივით, ყველას ნაგვის ურნაში ისროდა.
       მისი უკანასკნელი რომანი 2 წლის განმავლობაში, ცეცხლზე შემომდგარი და მოსახარშად განწირული ლეღვის მურაბასავით ბუყბუყებდა, თუხთუხებდა და "სუნთქავდა".
       თუმცა ეს ლიმონიც გამოწურა ელენემ და თუმც დიდი გაჭირვებითა და გულისწყვეტით, მაგრამ მაინც გადააგდო ნაგავში თანაც იმ განცდით, რომ აწი ლიმონს საერთოდ აღარ მოიხმარდა.
       
თბილისში ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. სანდროს უნივერსიტეტის საფოსტო ყუთში რაღაც გაურკვეველი მეილი დახვდა, რომელიც ლექსების კონკურსზე იუწყებოდა რაღაცას. აქ გაირკვა ის ფაქტიც, რომ სანდრო საკმაოდ კარგ და სოლიდურ ლექსებს წერდა. ჰოდა განიზრახა თავისი ერთ-ერთი ლექსის კონკურსატად გამოცხადება.

   ჩაფიქრდა, მასზე გასამგზავრებლად ყველაზე წარმატებული ლექსი უნდა აერჩია, რისვისაც კომპეტენტური ჟიური სჭირდებოდა.
           სქესი-მდედრობითი, რადგან მისი ყველა ლექსი ამ სქესს ეძღვნებოდა. ჰმ... სასურველია პოეზიის მოყვარული, მასში გათვითცნობიერებული.... და კიდევ ერთი აუცილებელი პირობა! სანდროს პიროვნება მისთვის ნაკლებად ცნობილი უნდა ყოფილიყო.
           ელენეს მიწერა........
           შეხვდნენ. ვერის პარკში.
           ელენე გიჟობდა, აქტიურობდა, სანდროს მოეჩვენა, რომ ცოტას ეპრანჭებოდა კიდეც. სიგარეტს ღერი-ღერზე ეწეოდა და თან გამომწვევად უყურებდა თვალებში. ხანდახან, როცა დაცვა მათ ტერიტორიას გასცდებოდა, სკამზე სასაცილოდ შემოაწყობდა ხოლმე ფეხებს და პატარა გოგსავით უცინოდა.
            სანდროს ელენე მოეწონა.
            ლექსი აარჩიეს.
        საღამოს მესიჯი აკრიფა... მერე წაშალა. არა, ისევ აკრიფა. შეასწორა, დახვეწა და ელენეს გაუგზავნა.
       
           ძალიან მოეწონა ელენე. რომელიც იმ პერიოდში თავისუფალი იყო.
            ელენემ უპასუხა. მთელი ღამე ისაუბრეს.
     ასე გაგრძელდა დაახლოებით 1 თვე. ორივე მოუთმენლად ელოდა ღამის 12 საათის დადგომას, რატომღაც მათდაუნებურად ეს დრო დაითქვა მიმოწერის წამოწყების დროთ.
       

    1 თვის მერე ისე შეხვდნენ ერთამენთს, თითქოს მთელი ეს წლები ამ მოვლენას ყოველდღიური სახე ჰქონდა. სინამდვილეში ორივე გულის ამოვარდნამდე ნერვიულობდა და ცდილობდა მობილიზება მოეხდინა.
            სასაცილოა მაგრამ ისევ პატარა სკვერში წავიდნენ.
            ისაუბრეს ბევრი. ისაუბრეს ბევრზე. ისაუბრეს ბევრნაირად. 1,2,3,4,5 საათი.
 ცალკე ელენეს ტელეფონი რეკავდა 10 წუთში ერთხელ, ცალკე სანდროსი...  ორივეს მეგობრები ეძებდნენ.
     

      მერე სანდრო ელენეს ახლოს მიუჯდა და თვალებში ყურების პოზა, მოხვევის პოზაში გადაიზარდა. მთვარე ამოიგლისა ცაზე და ჭორიკანა მეზობელივით ხარბათ დააცხრათ თავზე, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო, რომ არცერთს არ აღიზიანებდა. პირიქით, უყურებდნენ და დაუმეგობრდნენ.
         
   ერთმანეთის სუნთქვას და გულის ძგერას ითვლიდნენ.
ორივეს უნდოდა რაღაც ეთქვა, ექნა მაგრამ თითქოს არარსებული ხუნდები გასაქანს არ აძლევდნენ.
             ბოლოს ელენემ აკოცა სანდროს. დიდხანს და ვნებიანად კოცნიდა. სიყვარულით კოცნიდა, ოღონდ გაუგებარია საიდან ან რატომ უყვარდა.
            მაგრამ უყვარდა.
   

       1 თვე მალავდნენ რომ ერთად იყვნენ.
       1 თვე ყოველი საღამოს 10 საათზე ერთმანეთს ხვდებოდნენ და სეირნობდნენ. ყველგან.
       ბოლოს გამოტყდნენ. მაგრამ ეს ალბათ უფრო საბოლოოდ საკუთარ თავთან გამოტყდომა უფრო იყო, ვიდრე საზოგადოებასთან.
       სანდრომ ელენე, ელენემ სანდრო შეისისხლხორცა.

        7 თვეა ყოველ დღე ყოველ წამს, ყოველ წუთს ან ერთმანეთის გვერდიგვერდ, ან ერთმანეთზე ფიქრში ატარებენ.
        იჩხუბეს უკიდეგანოდ ბევრი და უკიდეგანოდ ბევრ რამეზე.
        შერიგდნენ ისე რომ არავის გაუგია.
        ელენემ ძლიან ბევრი შეცდომა დაუშვა და სანდრომ ისინი აპატია...
    უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, ისე, როგორც ექსტრემალი ადრენალინის გარეშე, ნარკომანი-ნარკოტიკის, მოცურავე-წყლის, მხატვარი-საღებავის, მსახიობი-სცენის და ა.შ.


         დღეს მარტო "მე" და მარტო "შენ" გადაიზარდა "ჩვენ"-ში.
         დღეს ოჯახის შექმნა უნდათ.
         დღეს ისინი ამისთვის იბრძვიან და არა მხოლოდ ამისთვის.

ელენეს ძალიან ბევრი პრობლემა დააძლევინა სანდრომ. ელენე დარწმუნდა საკუთარ თავში და იცის, რომ აღარასდროს აღარ შეიცვლის გადაწყვეტილებას.

            სანდრო, ელენეს შენ უყვარხარ, სულ ეყვარები და გთხოვ, აღარასროს, აღარაფრის აღარ შეგეშინდეს. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!