22.9.11

სექსი-სიყვარულის ერთ-ერთი განშტოება, თუ გამრავლების უფლისგან ბოძებული საშუალება.



რატომღაც დღეს ჩემთვის უჩვეულოდ ადრე დავბრუნდი სახლში და პირველი სამზარეულოს მივადექი. ვიცოდი, მაცივარში ცივი რძე მელოდებოდა. სამწუხაროდ ორი გულდასაწყვეტი რამ მოხდა. 1-რძე აღარ დამხვდა და 2-ბოლო ხმაზე აღრიალებულ ტელევიზორში დიანა ჯოჯუა და ზაალ უდუმაშვილი გაღიმებულები გავიდნენ კადრიდან და ტრაგიკული სახის უბადლო ავტორ-შემსრულებებლი მაია ასათიანი შემოიჭრა ტელე-სივრცეში.

რძის გარეშე დარჩენილმა ვიფიქრე, ყავას მაინც მოვიდუღებდქო და ასე სევდიანად ჩამოვდექი გაზქურასთან. პარალელურად "პროფილი"-ს ხმა მესმოდა და ამ მოსმენა მოსმენაში დამაინტერესა. ( რაც ჩემთვის მართლა არადამახასიათებელია)

თემის სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძირითადად სექსზე საუბრობდნენ. გულში გავიფიქრე, ვა ყოჩაღ მაიათქო, ბევრი ვერ გაბედავდა ამ თემის გაშუქებას ( სამწუხაროდ და სამწუხაროდ!!!!!) და სწორედაც რომ მართალი ვიყავი.

გადაცემა სტილისტურად აბსოლუტურად სწორად იყო აწყობილი, იყვნენ სექსოლოგები, გინეკოლოგები, უბრალოდ სექსით გატაცებული და მასზედ შეყვარებული ადამიანები, ქალიშვილები, ფრიგიდული ქალიშვილები, ძალიან ქალიშვილები, უსაშველოდ ქალიშვილები, ჭეშმარიტი ქალის შვილები და სხვა.

საწყალი ეს ისედაც ერთი ციდა მაია, სულ დაბნეული დარბოდა აქეთ იქით და საოცრად ერიდებოდა კითხვის დასმა. პარალელური მონტაჟის პრინციპით, გადაცემაში მიდიოდა კადრები რომლებიც სხვადასხვა რეგიონებსა თუ დედაქალაქში გამოკითხვის შედეგებს ასახავდა.

რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი, რწმენა, სურვილი და მოთხოვნა აქვს, მაგრამ ასე კატეგორიულად? ასე გადაჭრით, ასე გულისწასვლამდე??? ....

კითხვები იყო მარტივი: "დასაშვებია თუ არა ქალს და მამაკაცს შორის სექსუალური კონტაქტი შეუღლებამდე" პასუხი: " ტიტუუუუუუუუ, რასაა ბოშო რო ბოდავ, რავა შეილება ეგ...." კითხვა: " მამაკაცს შეუძლია მეუღლეს უღალატოს და ცოლს ააქვს ამის უფლება?" პასუხი : "ახლა კაცი თუ პატარას გაივლ-გამეივლის რა უჭირს მერე და ქალს რავა ეკადრება ეგ"
კითხვა: "რას ნიშნავს ბოზი" პასუხი: " ქალი რო პაპიროსს ჩეიდებს პირში ბოზია აბა რა"
და ასე შემდეგ და ასედა ამგვარად.

გულრწფელ ბოდიშს ვიხდი ასე, კუთხური აქცენტით, რომ დავწერე, ეს რა თქმა უნდა ჩემი გასარჩევი და განსაკითხი არ არის, მაგრამ მეტი თვალსაჩინოობისთვის ჩავთვალე რომ ასე უკეთესი იქნებოდა.


მაგრამ აქ უკვე მე მაქვს კითხვა-რატომ? თან ძალიან ბევრჯე-რატომ? რატომ არ შეიძლება თუ ორ, ჯანმრთელ ადამიანს ერთმანეთი უყვარს ჰგონდეთ ასევე ჯანსაღი ურთიერთობა ამ სიტყვის ყველანაირი დატვირთვით? რატომ არ შეიძლება ერთად იცხოვრონ ხელის მოწერის, ჯვრის დაწერის, თითის ანაბეჭდების აღების, ფეხის ზომისა და სქესის ლაბორატორიულად დამტკიცების გარეშე? და საერთოდ ვისი რა საქმეა ვინ, ვისთან, რატომ, სად, რა სიხშირით და რა მოტივით წევს???

კიდევ ერთხელ გავმეორდები, კიბატონო, არავის ვედავები, არც ჩემ აზრს გახვევთ თავზე, უბრალოდ რა აუცილებელია ამის ასე მოთხოვნა და კატეგორიულად გადაწყვეტა, გქონდეთ ყველას თქვენ თქვენი აზრი, იცხოვრეთ თწვენი რწმენით და კიბატონო, აღზარდეთ საკუთარი სექსის შედეგად ჩასახულ-გაჩენილი შვილები როგორც გენებოთ, მაგრამ სხვის შვილებს რაგას ვერჩით? ხალხნო.....

თურმე ქართველებს ნამდვილი, კარგი და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სექს-შოფიც გვქონია. რად გინდა-დალეწეს, დაღეჭეს დაწვეს და დაწყევლეს. იმ მაღაზიის ადგილას, ხე რო ხეა და ბუჩქი ეგეც აღარ ხარობს მემგონი.... არადა ყოფილიყო ვის რას უშლიდა, მშვენივრად თურმე დაბურული ფანჯრები ჰქონდა, არც "სარცხვენისები" ელაგა ვიტრინაში და არც 18 წლამდელ ძარღვებში სისხლ მოწოლილ ახალგაზრდობას უშვებდნენ შიგ მაგრამ ჰა.... დავიჯერო რელიგია კრძალავს ამასაც??? ადამიანმა, კიბატონო, ქმარმა შეიძინოს მაგალითად არ ვიცი, ტყავის მათრახი და ტრუსები და საკუთარი ცოლი, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში გაამათრახოს??? თუ იმას გვეუბნება რელიგია ქმარს უარი არ უნდა უთხრაო???


არც ესაა ჩემი საქმე, კიბატონო.

თუმც კიდევ ერთი მაგრამ, ცოდოა ის, ვიღაც ლამაზი გოგო, დაბადებული სადღაც სოფელში, ჭკვიანი, პერსპექტიული, ნიჭიერი, ცოდოა, იმიტომ, რომ 18-19 წლის ასაკში გაურიგებენ ვინმე ლოყებღაჟღაჟა, კიბატონო სადნომიან და მშრომელ, მაგრამ მაინც უბრალო ბიჭს, გააყოლებენ ცოლად, გამოკეტავენ სახლში, გააჩენინებენ შვილებს უსიყვარულოდ, უპატრონოდ და ყოველგვარი სექსუალური გამოცდილება-განათლების გარეშე და რა? ასე დააჭკნობენ მიტოვებულ ეზოში ამოსული ერთი პატარა ვარდივით იმ ფაქტს შეუგებულს, რომ "ქმარი კაცია და ქე გეივლ-გემეივლის პატარას, მარა შეუნ უნდა მეითმინო"

ყველას აქვს სიტყვის უფლება. ქალსაც კაცსაც, მოხუცსაც და ბავშვსაც. ვინ რას და როგორ გაითვალისწინებს მერე, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ არჩევანის და სიტყვის თავისუფლებას ნუ შეგვიზრუდავთ პატონო, მოგვეცით საშუალება ვიყოთ თავისუფლები და ამას გარყვნილებად და ბოზობად ნუ აღიქვამთ. არაა ეს კატასტროფა. დამთავრდა კომუნისტების დრო, დრო, რომელშიც სექსი არ არსებობდა! აქ აქცენტი იმაზე კი არ კეთდება, რომ აუცილებლად უნდა დაკავდეს წყვილი ამ "სამარცხვინო საქმით", არამედ უბრალოდ იმაზე, რომ ნუ გვახვევენ თავს სხვები თავიანთ აზრებს...!!!!! ყველას აქვს უფლება ისე იცხოვროს როგორც თვითონ მიაჩნია სწორად და არა მის გარშემომყოფებს.

ყველას აქვს სიყვარულის უფლება- სექსი კი, სიყვარულია.

2 comments:

  1. ძნელია ადამიანს ასწავლო მისი იმ ოცნების სიყვარული, რომელიც მას არა– შენ აგისრულდა.
    შენი თაობა თავისუფალია, ისინი ამ თავისუფლებაზე ოცნებობდნენ.
    ისინი ამ თავისუფლების გარეშე არ დაიხოცნენ– ჰო და არც თქვენ თავისუფლებას შეეგუებიან, ამჯერად თვითონ დაუჭერენ მხარს მათთვის საძულველი დიქტატორების პოზიციას.

    ReplyDelete
  2. :( სასოწარკვეთილი ვარ.

    ReplyDelete